BB-364-BW - კიდევ ერთი მოთვალთვალე მანქანა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. როგორც "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" 23 წლის პროგრამისტის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ისაუბრა, ამ სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილი ბაჩალიაშვილის სახლთან მის გაუჩინარებამდე პატრულირებდა.
ამ მანქანასთან დაკავშირებით თქვეს, რომ ის დადიოდა განუბაჟებელი, წითელი ნომრებით. 1-ლი იანვრიდან 20 ივლისამდე და 20 ივლისს გადაიფორმა ვინმე ოთარ რობაქიძემ. და მერე რატომღაც გადაიფორმა ნათელა ჩეჩელაშვილმა იმავე დღეს, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.
როგორც ნიკა გვარამიამ თქვა: "ეს მანქანა ამ წუთას ბაზაში არ იძებნება, რაც ჩვენი დაკვირვებით ასევე ნიშნავს, რომ ეს ოპერატიული მანქანაა".
წამყვანის კითხვაზე, ხომ არ უკითხავს, რატომ პატრულირებდნენ მის სახლთან ან რობაქიძე ან ჩეჩელაშვილი ამ მანქანით, ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ: "ამ სერიით სხვა მანქანა არ იძებნებაო და სავარაუდოდ ეს არ იყოო, გეშლებათ ნომერიო".
ეს არ არის პირველი ავტომობილი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ფიგურირებს. "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა "მთავარ აქცენტებში" სამი ავტომობილის სანომრე ნიშანი 23 აგვისტოს გაასაჯაროვა. მისივე ინფორმაციით, ეს ავტომობილები, თამარ ბაჩალიაშვილს, სავარაუდოდ, დაყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ. მისივე ინფორმაციით, მანქანები ოპერატიულია და სუს-სს ეკუთვნის. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.
დღეს კი, 25 აგვისტოს ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ მოთვალთვალე ავტომობილზე ისაუბრა - მისი ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის მოთვალთვალე ერთ-ერთი მანქანით, რომლის ნომერიცაა WW-558-VV, "შავნაბადას" სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი იგივე "ხარება" გადაადგილდებოდა. როგორც გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ თქვა, ხარებაშვილი ეჭვმიტანილია აფგან მუხთარლის გატაცებაში და მასზე საუბარი იყო ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებითაც.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.