დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება და წერს, რომ მმართველმა გუნდმა ქვეყანა "უარესად საშიშ ბეწვის ხიდზე" კიდევ ერთხელ შეიყავანა.
ბაქრაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან პირველი პოლიტიკური რეაქცია პარლამენტის დატოვებაა, თუმცა პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ დროებით თავს იკავებს.
"შექმნილ უმწვავეს ვითარებაში აუცილებელია ოპოზიციის მხირდან მოქმედება გაასმაგებული პასუხისმგებლობით და გონიერებით. რა თქმა უნდა, ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ამ ნაბიჯზე გახლავთ პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება. მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს და ამიტომ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს. ამ ვითარებაში, როგორც არასდროს, აუცილებელია ოპოზიციური ერთიანობა; აუცილებელია სრული თანხმობა ევროპელებთან და ამერიკელებთან, რათა მათ დაინახონ, რომ არასანდო და არადემოკრატიული ხელისუფლების პირობებში საქართველოს ყავს სანდო და პროდასავლური ოპოზიცია. ამიტომ, უმოკლეს ვადებში მექნება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვაცნობებ საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე", - ამბობს ბაქრაძე.
ბაქრაძის თქმით, არანაკლებ საგანგაშოა, რომ "ოცნების" ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს საქართველოს ურთიერთობა ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან. ის ამბობს, რომ ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას.
ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.