შეერთებული შტატების საელჩო განცხადებაში, რომლითაც მმართველი გუნდის მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურება, აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება მისი მხრიდან დემოკრატიული მიზნების ერთგულებაზე კითხვის ნიშნებს აჩენს:
"ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება. ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებიდან, რომელშიც „ქართული ოცნება" იღებდა მონაწილეობას, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების" ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის",- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა "მათ კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.
ამავე თემაზე: