
კასპის სოფელ ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულ ლევან ხუციშვილს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 აგვისტოს, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.გ-ს შურისძიების მოტივით, ლ. ხ.-მ, დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. გ.გ. მიღებული დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ლ.ხ., იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება",- წერია პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, კასპის რაიონ სოფელ ახალქალაქში მოკლულია 50 წლის გიორგი გაბოძე. სოფელ ნოსტეში მცხოვრები მოკლულის ძმის შვილი და მათი მეზობელი კი დაჭრილია. მრავლობითი ჭრილობები მათ ცივი იარაღით მიაყენეს. გაბოძე ჰოსპიტალში მიყვანიდან 5 წუთში რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
დაპირისპირება გვიან ღამით სოფლის ცენტრში მოხდა. ინციდენტი მაღაზიის სალაროსთან რიგის არ დათმობის გამო დაიწყო. ადგილობრივების ინფორმაციით დაპირისპირებაში სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული 26 წლის ლევან ხუციშვილია. ის დაპირისპირების შემდეგ მიიმალა და დაახლოებით 15 საათიანი ძებნის შემდეგ, კასპის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.