ვერ მოვაბილიზებთ იმ საწოლებს, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს, რესურსი შეზღუდულია - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაშ საწოლფონდის რესურსი შეზღუდულია, შესაბამისად, სამინისტრო ვერ გაუკეთებს იმ საწოლებს მობილიზებას, რომელიც არ არსებობს.

ტიკარაძის მტკიცებით, სამინისტროს ანალიზის თანახმად საქართველომ 100 ათას მოსახლეზე უფრო მეტი საწოლი მოაბილიზა, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებმა. 

"საწოლფონდებთან დაკავშირებით, ჩვენ არა მხოლოდ მეოთხე ტალღაზე, პირველი ტალღიდან ვამბობთ, რომ ეს რესურსი არის შეზღუდული. ჩვენ ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად, ან არ გვაქვს, ან რომელ საწოლებსაც ექიმები ვერ მოემსახურებიან. ასეთი საწოლები არსებობს, ბინაში, რომელსაც შეიძლება ექიმი ვერ მოემსახუროს და ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებს იმ შეუძლებელს, რაც დღევანდელი არსებული რესურსით, საქართველოში შეუძლებელია.

გარდა ამისა ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ დროულად არ მოვემზადეთ, გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენი მობილიზებული საწოლები სხვა ქვეყნებში მობილიზებულ საწოლებს. გამოიკვეთა, რომ 100 ათას მოსახლეზე გვაქვს მობილიზებული სამჯერ მეტი საწოლი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული",- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

გუშინ, 9 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ სამინისტროს მაქსიმალური შესაძლებლობა 8000-მდე საწოლის მობილიზებაა.

დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი დამატებით 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი