"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მასობრივი თავშეყრები მხოლოდ გუშინდელი დღიდან არის დარღვევა.
მდინარაძე 7 აგვისტოს პრემიერმინისტრის ხალხმრავალ სუფრაში მონაწილეობას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ღია სივრცეში იმყოფებოდა და დარღვევა არ იყო, რადგან ასეთი ღონისძიებები მანამდეც ეწყობოდა.
"ღია სივრცეში ასეთი ღონისძიებები ეწყობოდა, არ მიიჩნეოდა, რომ ეს იყო დარღვევა, რაც არ უნდა სუბიექტურად ჩამთვალოთ, ასეთი ღონისძიებები ეწყობოდა და პირიქით, მაღალი რისკი გაცილებით ბევრ ღონისძიებაზე იყო...
გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც რისკები კიდევ უფრო გაიზარდა, გუშინდელი დღის შემდეგ, ყველა ღონისძიება, სადაც მასობრივი თავშეყრა იქნება ან იგეგმება, არის დარღვევა",- თქვა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, დღეს თელავის თეატრში დაგეგმილ ხალხმრავალ ღონისძიებაზე, მდინარაძემ თქვა, რომ ღონისძიებასთან დაკავშირებით მას "ინფორმაცია არ აქვს".
მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, თელავის თეატრში თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, დღეს, 10 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება. კულტურის სამინისტროს ღონისძიებას 300-მდე ადამიანი დაესწრება.
დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი დამატებით 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.