ბელარუსის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია მზად არის შეხვდეს საქართველოს ხელისუფლებას და განიხილოს რეპრესიებს გამოქცეული ბელარუსის მოქალაქეების უსაფრთხოება - განცხადებას ამის შესახებ ტიხანოვსკაიას საერთაშორისო მრჩეველი, ფრანაკ ვიაჩორკა აკეთებს.
ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც ქართულ და ბელარუსულ უსაფრთხოების სამსახურებს შორის შეთანხმება ამოქმედდა.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ სწორედ რეპრესიებს გამოქცეული მოქალაქეებისთვის შეიცავს საფრთხეს აღნიშნული შეთანხმება, რომელიც მხარეებს ავალდებულებს ერთმანეთს ინფორმაცია გაუცვალონ და ითანამშრომლონ.
ფრანაკ ვიაჩორკას შეფასებით, "სამარცხვინოა ლუკაშენკოს რეჟიმთან რაიმე გარიგების დადება დემოკრატიული ქვეყნებისთვის". მისი თქმით, კგბ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც სიკვდილით ემუქრება ყველას, ვინც რეჟიმს უპირისპირდება:
საქართველომ უკვე მისცა თავშესაფარი მისცა ასობით ბელარუსელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, რომლებსაც ემუქრებათ კგბ -სგან წამების საფრთხე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობას და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გადასცემს მათ ლუკაშენკოს...
ჩვენ ძალიან გვსურს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება. ორმხრივად და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. სვეტლანა ტიხანოვსკაია დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა საქართველოს მთავრობას და განიხილავდა სიტუაციას ბელორუსულ ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და უფლებადამცველებთან, რომლებიც მასობრივად გადადიან საქართველოში," ამბობს ტიხანოვსკაიას მრჩეველი.
ბელარუსის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ხელი ჯერ კიდევ 2016 წელს მოაწერეს, ამოქმედდა.