ბელარუსში ოპოზიციონერი ლიდერებისა და ტიხანოვსკაიას გუნდის წევრების დევნა გრძელდება. ხელისუფლების მორიგი სამიზნე გაერთიანებული ოპოზიციის საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა და იურისტი მაქსიმ ზნაკი გახდნენ, რომლებსაც მინსკის სასამართლომ 11 და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ლუკაშენკოს რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ოპოზიციონერებს პროკურატურა სახელწიფო გადატრიალებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას, სახალხო ბუნტის ორგანიზებას, უცხო ქვეყნის აგენტურასთან თანამშრომლობასა და ექსტრემისტული ფორმირების ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს.
ცნობილია რომ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა. შეგახსნებთ რომ მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი 8 თვის წინ, მინსკში გამართული აქციის დროს დააკავეს.