ალბათ რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს, ამიტომ არ აბარებენ - კალაძე ნარკოტესტზე

გამოქვეყნდა:

"რა შუაშია გიორგი გახარია" - ასე პასუხობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ ჩააბარა კალაძემ ტესტი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მერობის კანდიდატურა ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ დააყენა, კალაძემ თქვა, რომ მას არასდროს უთქვამს, რომ კონკრეტულად ვინმესთან დაკავშირებით აქვს ეჭვი.

მისივე თქმით, მერობის სხვა კანდიდატები ნარკოტესტს იმიტომ არ აბარებენ, რომ "რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს".

"ალბათ რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს ამასთან დაკავშირებით და ამიტომ არ აბარებენ, თორემ რა არის, ძალიან მარტივია ამის გაკეთება ხო? ეს მათი გადასაწყვეტია.

მოგისმენიათ ჩემგან რამე, რომ თითქოს მე ვინმესთან დაკავშირებით ეჭვები მაქვს? არ არსებობს ბუნებაში ეგეთი რაღაც. გიორგი გახარიაზე გაქვთ ძირითადი აქცენტი გაკეთებული, რა შუაშია გიორგი გახარია, თუ იცით რამე გვითხარით",- თქვა კახა კალაძემ.

გახარიას გუნდში კალაძის ინიციატივასა და მმართველი გუნდის განცხადებებს სპეკულაციებს უწოდებენ. პარტია "საქართველოსთვის" წევრი, კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ გახარია ნარკოტესტს ჩააბარებს, როცა ამის "დრო იქნება".

"სპეკულაციაში ვერ მივყვებით ამ ადამიანებს. თუ ვინმეს რამე აქვს ასაღელვებელი, როგოც ჩანს, პირველები ისინი გაიქცნენ. როდესაც ამის დრო და საშუალება იქნება, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ",- თქვა ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, ქართული ოცნების თბილისი მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ნარკოტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და ოპონენტებს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა.

კალაძის მოწოდებად მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობაიძე შეუერთდა. კობახიძის თქმით, ყველა კანდიდატმა "დაუყოვნებლივ" უნდა ჩააბაროს ტესტი. თემაზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, ყოფილი პრემიერი გახარია და თქვა, რომ მისი მხრიდან დაყოვნება კითხვის ნიშნებს აჩენს.

კობახიძის განცხადების შემდეგ, დღეს, 8 სექტემბერს უფლებადამცველმა, გიორგი მშვენიერაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ კალაძეს წლევანდელ არჩევნებამდე ნარკოტესტი არ ჩაუბარებია. მისი თქმით, აღნიშნული ეჭვებს აჩენს, რომ "ქართულ ოცნებას" რომელიღაც კანდიდატზე კომპრომატი აქვს, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს. "რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი" - დაწერა მშვენიერაძემ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი