ბრიუსელში ელჩის დაბარებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ბრიუსელში ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს. 

ცნობისთვის, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ბრიუსელში სუს-დან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაიბარეს. გავრცელებული ფაილების მიხედვით სუს-ი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენდა.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს. საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გულისხმობს მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ვიდრე მოვახდენთ მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარი ფატებად დეფინიციას.

ზოგადად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპების.

აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულის თაობაზე ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე", - წერია უწყების განცხადებაში.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის პირველი დიპლომატია ვისაც ახსნა-განმარტებისთვის იბარებენ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი