
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია და მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობა გარისკა და შეასრულა პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა.
"მინდა დავამშვიდო მდინარაძე, კობახიძე, კუჭავა, ეს მართლა ცირკის წარმომადგენლები... მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფება საქართველოში. მინდა დავამშვიდო ჩვენი და არა მარტო ჩვენი მომხრეები და ვუთხრა, რომ ის დაპირება, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, საკუთარი ჯანმრთელობის და თავის გაწირვის ხარჯზე შეასრულა. ახლა დარჩენილია ერთი რამ - ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და პასუხი გავცეთ კრიმინალურ ოცნებას", - თქვა ხაბეიშვილმა.
ის ასევე "ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ენმ-ს ჩატებში არსებულ მიმოწერაზე ისაუბრა.
ხაბეიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესი უკვე დაწყებულია და მმართველ გუნდს მიმართა:
"დიახ მეგობრებო, თქვენ არ უნდა დაარღვიოთ კანონი. დაწყებულია ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი. ყველა ჭკვიანი, განათლებული, საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა. ის ამ არჩევნებზე არც გამოჩენილა, არც გამოჩნდება და არც არავისთვის დაუჭერია მხარი. ცხადზე უცხადესია, რომ "ქართული ოცნება" არის დასრულებული. შესაბამისად, ამ ყველაფრს სჭირდება გაფორმება, ამიტომ მათ შორის რეგიონებში მოქალაქეებს მოგიწოდებთ, უკანასკნელი სახსრები გაიღეთ, მიდით არჩევნებზე და მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.