
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავის #12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა და თქვა, რომ ის ეცდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდეს. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის წინ, ნიკა გვარამიამ, ხელისუფლებას მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესვლასთან დაკავშირებით მისთვის შეფერხება არ შეექმნათ.
ამ დროისთვის რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია იმყოფება.
"მოვედი მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად, ასევე, ჩემი მეგობრის სანახავად, როგორც ადვოკატი, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური საფუძვლები არსებობს, რომ შესვლა შეგვიფერხონ, ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, არ მეშლება ამ სიტყვას რომ ვიყენებ, შეფერხების გარეშე შემიშვან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ჩემს მეგობართან და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს მის მიმართ, ჩემთვის ძალიან დიდი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში, სხვისთვის, შეიძლება სხვა, მაგრამ ამ წუთში ახლა მნიშვნელობა არ აქვს",- თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.
1 ოქტომბერს საღამოს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
იხილეთ ასევე: