საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესიც გამოეხმაურა. მან "ამერიკის ხმას" განუცხადა, რომ ევროპაც და აშშ-ც დიდი ყურადღებით დააკვირდება, ისარგებლებს თუ არა მესამე პრეზიდენტი სამართლიანი მართლმსაჯულებით.
"მსოფლიო, განსაკუთრებით ევროპა და შეერთებული შტატები, დიდი ყურადღებით დააკვირდება, ისარგებლებს თუ ვერა მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი მართლმსაჯულებით. ქვეყნები, რომელთაც კანონის უზენაესობის თვალსაზრისით საეჭვო რეპუტაცია აქვთ, ყოფილ ლიდერებს დევნიან ხოლმე. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც სერიოზული დარღვევის დამადასტურებელი ძალიან საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობს", - თქვა ილვესმა "ამერიკის ხმასთან".
ილვესის თქმით, "სააკაშვილის დაკავებამ არ უნდა გააჩინოს ეჭვები პოლიტიკური მოტივაციის არსებობაზე".
ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ 8 წლის შემდეგ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ბათუმიდან ვიდეო მიმართვები გაავრცელა.
"ქართული ოცნება" კი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას უკრაინა არ დაუტოვებია და საქართველოში არ შემოსულა. დღის ბოლოს კი პრემიერმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი, მან გუშინ შიმშილობა დაიწყო.