
ევროპარლამენტის მხრიდან მორიგ კრიტიკას "ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი საზოგადოების უმრავლესობის აზრის საწინააღმდეგოს უწოდებს. მისი თქმით, ევროპაშიც და ამერიკაშიც ყველამ პატივი უნდა სცეს ხალხის გადაწყვეტილებას, რომ 2021 წელსაც სახელისუფლებო მანდატი "ოცნებისაა".
"დასანანია ის, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის საწინააღმდეგო განცხადებები არ უნდა გააკეთოს განსაკუთრებით პოლიტიკოსმა, რომელიც არის ევროპაში. თუმცა ეს არის მათი პირადი მოსაზრება, ვიმეორებ, როგორც საქართველოში ისევე ევროპასა და ამერიკაში შეიძლება არსებობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პირები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული მოსაზრება.
დემოკრატიის ანი და ბანი, რაც არის ევროპაშიც და ამერიკაშიც არის ის, რომ სახელმწიფოში წყვეტს საზოგადოების უმრავლესობა, ქართულმა საზოგადოებამ 2020-შიც და 2021-შიც მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ქართულ ოცნებას" დაუტოვა ისევ სახელისუფლებო მანდატი და ამას პატივი უნდა სცეს აბსოლუტურად ყველამ", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ღარიბაშვილის მუქარას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრი არ უნდა საუბრობდეს ვინმესთვის ბრალდების დამატებაზე, და რომ ეს მისი უფლებამოსილება არაა. მისი განცხადებით, თუ ღარიბაშვილს სურს, საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლად განიხილონ, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა ოპოზიციის ერთობლივ წერილსაც უპასუხეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლების არგუმენტები, რის გამოც ევროკავშირის მიკრო ფინანსურ დახმარებაზე "ოცნებამ" უარი თქვა არადამაჯერებელი იყო. მათი თქმით, სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.