დოლიძე ენმ-ს და ადვოკატებს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგს მიმართონ

გამოქვეყნდა:

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობას" და ადვოკატებს მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" და პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ გაიაზრეს, რეალურად რასთან აქვთ საქმე.

"მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთონ შემდეგი რამ, გამოიყენონ სტრასბურგის პროცედურა, 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება და ერთხელ ეს არის უკვე გამოყენებული წარსულში. მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანონ ის თუ არა სამოქალაქო საავადმყოფოში. ეს ღონისძიება, 39-ე მუხლი, სწორედ ამას ემსახურება. სტრასბურგის საქმეები იხილება წლების განმავლობაში, ამასობაში, რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამე შარში არ გავეხვიოთ. წავიდეს სასწრაფოდ განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს ხელისუფლებას, რომ გადაიყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში", - თქვა დოლიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში 26-ე დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი