
ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს, 27 ოქტომბერს ქვეყანაში საგანგებოდ ჩამოსული უკრაინის სახალხო დამცველი მოინახულებს. ლუდმილა დენისოვასთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის უფლებას უკრაინელი მედიკოსებიც ელოდებიან.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ იუსტიციის სამინისტროსა და პრემიერის დამოკიდებულება "ბარბაროსული" მოპყრობის მაგალითია და ამ საკითხზე შესაბამის სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 27-ე დღეა შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა.
ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი.