"მთავარი არხის" ინფორმაციით, გლდანის ციხის საავადმყოფოს ერთ-ერთ საკანში, სადაც სავარაუდოდ, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გეგმავს, განსაკუთრებული მზადება და რემონტი მიმდინარეობს.
ადგილზე ხდება ექიმების შეკრებაც, რათა ფორმალურად მაინც მოხდეს იმ პირობების შექმნა, რომელიც მოშიმშილე მესამე პრეზიდენტისთვის აუცილებელი იქნება.
ციხის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, მანანა ელეფთეროვამ, გუშინ "მთავარ არხს" დაუდასტურა, რომ სასწრაფო წესით მოხდა მისი გაფორმება თანამდებობაზე და დაევალა იმ ექიმების შეკრება, რომელთა კლინიკაში ყოფნაც, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, აღსანიშნავია, რომ გლდანის ციხეში ექთნის დამხმარეებად და სანიტრებად თავად პატიმრებიც მუშაობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ შესაძლოა, ნებისმიერ დროს განვითარდეს რაიმე ძალადობრივი ქმედება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
სწორედ ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო აქვთ პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს და ითხოვენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია არა გლდანის ციხეში, არამედ სამოქალაქო ტიპის კლინიკაში მოხდეს.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. მესამე პრეზიდენტი მისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, დღეიდან შიმშილობის კიდევ უფრო მძიმე ფორმაზე გადავიდა - ის არ იღებს მედიკამენტებს და უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის მკურნალობაზე. მან დღეს ციხიდან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მკურნალობას იქამდე არ დათანხმდება, სანამ უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის საშუალებას არ მისცემენ.
ამავე თემაზე: