
უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, რომელიც 27 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს ამბობს, რომ მომხდარი საქართველოს ხეელისუფლების სირცხვილი და სისუსტის გამოვლინებაა.
როგორც მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში თქვა, ეს გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ მმართველ გუნდს სიმართლის ეშინია.
"ის რაც თბილისის აეროპორტში მოხდა, ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლების დიდი სირცხვილი და სისუსტის გამოვლინებაა, არ შეუშვა ქვეყანაში ჟურნალისტი რომელიც დიდი ხანია საქართველოს მეგობარია, უყვარს ყველაფერი ქართული და მის საუკეთესო წარმომადგენლებთან მეგობრობს დასტურია იმის, რომ ხელისუფლებას სიმართლის ეშინია", - თქვა გორდონმა.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ თბილისში ჩამოსვლა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გადაწყვიტა, რომელიც მისივე თქმით, პატიმრობაში უსამართლოდ იმყოფება.
"დიახ, არც დამიმალავს, რომ ვაპირებდი ციხეში მომენახულებინა მიხეილ სააკაშვილი, გამორჩეული პრეზიდენტი, დიდი რეფორმატორი და ჩემი მეგობარი, ადამიანი, რომლის ბედსაც მსოფლიო თანამეგობრობა ახლა ყურადღებით აკვირდება.
ვთვლი, რომ უსამართლობა სააკაშვილის დაპატიმრება, პრეზიდენტისა, რომელმაც ამდენი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და სიღარიბესა და კრიმინალში ჩაფლული ქვეყანა სამაგალითოდ აქცია. მინდა, რომ მალე გათავისუფლდეს, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს", - თქვა დიმიტრი გორდონმა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოში მომავალშიც ჩამოვა და იმედი აქვს, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი დახვდება.
"მე გამაბრაზა არა იმან, რომ არ შემიშვეს საქართველოში, არამედ გავბრაზდი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება თავდახრილებმა შემატყობინეს და თვალს ვერ მისწორებდნენ, რადგან ეს მათთვისაც უხერხული იყო. მე მრცხვენია საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო, იმ უმადური ქართველების გამო, რომლებიც ვერ ხედავენ, რა გააკეთა სააკაშვილმა ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, სიკეთე ამჯერადაც გაიმარჯვებს. მე კიდევ ჩამოვალ საქართველოში და სააკაშვილი, რომელიც გამორჩეული პრეზიდენტი და რეფორმატორია, თავისუფალი იქნება", - თქვა დიმიტრი გორდონმა.
შეგახსენებთ, დიმიტრი გორდონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 27 ოქტომბერს უკან გააბრუნეს. მასთან ერთად, ქვეყანაში არ შემოუშვეს არც მისი მეუღლე, ასევე მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად და ყაზახი ბიზნესმენი. მანამდე კი აეროპორტიდან გააბრუნეს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი. პრობლემები შეუქმნეს უკრაინის ომბუდსმენსაც.
ამავე თემაზე: