
წინასაარჩევნოდ დაანონსებული სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ 5 სამოქალაქო აქტივისტი გამოიკითხა, რომლებიც სუს-ის ვერსიით, ხელისუფლების დამხობას და ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავდნენ.
მოწმეების ნაწილს საგამოძიებო უწყება ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინა. აქტივისტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციისა და მათ წინააღმდეგ იბრძვის.
"მკითხეს, ვიყავი თუ არა იმ კონკრეტულ დღეს ბიბლიოთეკაში, რა სიხშირით დავდივარ, რას განვიხილავთ, რაზე ვლაპარაკობთ. თითქმის ყოველდღე დავდივართ, შესაბამისად, ყველა შეკრებას ვესწრები და მსგავსი საუბარი, რაზეც კითხვები დამისვეს, ჩემი თანდასწრებით არ ყოფილა. დასდევენ ბატონ ბესოს (წერედიანს), უნდათ მისი დაჭერა და ასე ცდილობენ, თუკი ვინმე მის სიახლოვეს შეამჩნიეს გამოკითხონ, რაიმე ჩამჭრელი კითხვები დაუსვან", - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა მაკა მინდოაშვილმა.
ამავე საქმეზე გუშინ კიდევ 3 ადამიანი გამოკითხეს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ წერედიანი.
შეგახსენებთ, სუს-მა სახელმწიფოს დამხობის მუხლით კიდევ ერთი გამოძიება 29 ოქტომბერს დაიწყო. ლილუაშვილის უწყებაში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, გზების ბლოკირება და "დესტრუქციული ქმედებებით", ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა.