
პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება, სადაც უწყება ოპოზიციის მიერ "ხელისუფლების დამხობის გეგმაზე" საუბრობს.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ხელისუფლება მოქალაქეების პროტესტის გამო პანიკაშია. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებებით მმართველი გუნდი პროტესტის მონაწილეებს ვერ დააშინებს.
"ეს არის პანიკა პროტესტზე, ეს არის პირდაპირი განაცხადი პარტიული კუთვნილებისა, რადგან პროტესტი უფლება აქვს ყველას, ეს პროტესტი აუცილებლად იქნება. თუ ჩაითვლება საჭიროდ და დიდი რაოდენობა იქნება ხალხის, გზაც გადაიკეტება. თუ ჰგონიათ, რომ ამით ვინმეს დააშინებენ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. აქამდეც არაერთხელ გადაგვიკეტავს გზა როცა ამის საჭიროებაა და რა თქმა უნდა, პროტესტი იქნება უწყვეტი.
რაც შეეხება პროტესტის ფორმას, ძალადობრივი ჯერჯერობით არის ხელისუფლება. ყველა თვალსაზრისით. ამიტომ ძალადობრივი არაფერი დაგეგმილი არ გვაქვს, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი იქნება", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ხელისუფლების დამხობის გეგმის" შესახებ მორიგი ბრიფინგი გამართეს. უწყებაში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას გეგმავენ.
მათივე თქმით, ამის მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა" და შესაბამის დავალებებს ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი "გასცემს". სუს-ის მტკიცებით, "განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც".