
საერთაშორისო პარტნიორების საპასუხოდ შემუშავებულ წერილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე, თეა სოხაშვილი -ნიკოლაიშვილი გაემიჯნა.
თეა სოხაშვილი - ნიკოლაიშვილი საკუთარ პოზიციას პატიმართან მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებითაც აფიქსირებს და მაგალითად გაეროს სტანდარტები მოჰყავს.
"მოგესალმებით მეგობრებო,
სრულად ვიზიარებ და ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს:
! ციხის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა;
! პატიმრებთან მიმართებაში ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული და ეთავსებოდეს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკას;
! პატიმრებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სამსახურებზე მათი სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე;
! დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით.
ვემიჯნები და დაუშვებელად მიმაჩნია პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერი გამოვლინება",- წერს თეა სოხაშვილი -ნიკოლაიშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გიორგი გოგინაშვილი და პაატა სილაგაძე აირჩია ისე, რომ საბჭოს 2 წევრს უფლებამოსილების ვადა ამოწურული არ ჰქონდა.
გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებმა სპეციალური განცხადებები გაავრცელებს და პროცესის გაუმჭვირვალობას გაუსვეს ხაზი.
დიპლომატიური კორპუსის კრიტიკას წერილობით უპასუხეს მოსამართლეებმა და ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. აღნიშნულ წერილს სხვადასხვა მოსამართლეები ინდივიდუალური განცხადებებით და ერთობლივი წერილით გაემიჯნენ.
ამავე თემაზე: