
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის, ერიკა ოლსონისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარი საკითხები თვითმმართველობის არჩევნები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო.
მისი თქმით, პარტნიორები მკაფიოდ ხედავენ იმ მოვლენებს, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვითარდება და ამაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
"ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცედ განგრძობადი პროცესი იქნება, ორგანიზებული, ხალხმრავალი საპროტესტო მოძრაობა. ვესაუბრე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არის პრაქტიკულად გაუქმებული, ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას დაკარგული აქვს.
მერწმუნეთ, ჩვენი პარტნიორები ყველაფერს ხედავენ როგორც არასოდეს. თუნდაც ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი ქმედების შემდეგ, უფრო ფართო სურათში ხედავენ პროცესს. ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაგირება. სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აქვთ უზარმაზარი პოლიტიკური, ფინანსური ინვესტიცია განხორციელებული საქართველოში, რათა დემოკრატიული პროცესები ვითარდებოდეს და არა პირიქით, ამას არავინ დაუშვებს.
არ შეიძლება იმ ქვეყანაში სადაც სხვა პროგრესი შეიმჩნეოდა წლების წინ, უცბად გახდეს მყარად ოლიგარქიული რეჟიმი და ამაზე არ ჰქონდეთ ადეკვატური რეაქცია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს", - თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მათი თქმით, შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც იმსჯელეს და მესამე პრეზიდენტისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე გაამახვილეს ყურადღება.
ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან საუბრისას პერსონალური სანქციების ამოქმედების საკითხიც დაისვა.
ამავე თემაზე: