
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება "არ არსებობს".
როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მოსამართლემ სახელმწიფო უსაფრთხოების "მონაჭორზე" დაყრდნობით, გადაწყვიტა, პროცესები მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე წარმართოს.
"სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. სასამართლომ თქვა,რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, მთავარია, მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში. სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის მონაჭორზე, ცხვარიაშვილის გამონაგონზე დაყრდნობით, ის პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე.
"მინდა მივმართო საზოგადოებას, მთელი 9 წლის მანძილზე გვკვებავდნენ მითით, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს, გვკვებავდნენ მითით, როგორი საშიში იყო სააკაშვილი და დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება. ჩვენ ვხედავთ, სასამართლო სისტემა როგორ არის აბსოლუტურად მოშლილი და რეაგირებენ მხოლოდ პიროვნულ, უმნიშვნელო საკითხებზე, მაგრამ გლობალურ, კანონდარღვევის საკითხებზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის საკითხებზე რეაქცია არ აქვთ", - თქვა ბექა ბასილაიამ", - თქვა ბექა ბასილაიამ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დატოვეს. მიზეზი მოსამართლის უარი გახდა, პროცესზე დაეშვა მესამე პრეზიდენტის სხვა ადვოკატები. ბექა ბასილაიმ მოსამართლეს მიმართა გამოეცხადებინათ შესვენება და სხდომა გაგრძელებულიყო ნიკა გვარამიასა და დიტო საძაგლიშვილის მონაწილეობით, რაზეც ნინო ელეიშვილმა უარი თქვა. მანამდე ბასილაიამ მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს. ამის მიზეზად პენიტენციურს თავისი "არგუმენტები" აქვს.