ეს იყო ყველაფერი სასამართლოს გარდა, ვნახეთ პანიკურად შეშინებული ხელისუფლების სახე - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

"ეს იყო ყველაფერი სასამართლო პროცესის გარდა, ჩვენ ვნახეთ პანიკურად შეშინებული ხელისუფლების სახე" - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარებულ პროცესს, სადაც მიხეილ სააკაშვილს დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს ასევე დიმიტრი საძაგლიშვილი და ნიკა გვარამია, რომლებსაც კოლეგები უნდა ჩაენაცვლებინათ.

"ამ შემთხვევაში სამი მოსამართლის მიერ გამოიხატებოდა ეს შეშინებული სახე, რომლებმაც პროცესი ჩაატარეს ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ამ პროცესზე და ეს გააკეთეს ჭორების, სუს-ის ბრიფინგების საფუძველზე, რომელსაც ტრადიციული სახე მიეცა. გამოდიან, რაღაც უსაფუძვლო ბრალდებას გაისვრიან და მერე მოსამართლეები ამის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას.

მეორე საკითხი, რაც ასევე გაუგონარი რამ არის, ესაა ის, რომ ადვოკატებს არ მოგვცეს შესაძლებლობა... ანუ "ბრალდებულს", სინამდვილეში პოლიტიკურად დევნილ მიხეილ სააკაშვილს და მის ადვოკატებს არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ მივიღოთ მონაწილეობა. შინაარსობრივადაც ასეა, ეს ხომ სასამართლო არ არის, აქ არის ორი მხარე მხოლოდ - მოსამართლე და პროკურატურა, რომელიც ერთ მხარეს წარმოადგენს და დაცვის მხარე არ არსებობს ბუნებაში. ახლა რეალურად ეს მოცემულობა მივიღეთ დარბაზში, როდესაც სიამტკბილობაში დარჩნენ ბრალდება და სასამართლო", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დატოვეს. მიზეზი მოსამართლის უარი გახდა, პროცესზე დაეშვა მესამე პრეზიდენტის სხვა ადვოკატები. კერძოდ, ბექა ბასილაიმ მოსამართლეს მიმართა, გამოეცხადებინათ შესვენება და სხდომა გაგრძელებულიყო ნიკა გვარამიასა და დიტო საძაგლიშვილის მონაწილეობით, რაზეც ნინო ელეიშვილმა უარი თქვა. მანამდე ბასილაიამ მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს. ამის მიზეზად პენიტენციურს თავისი "არგუმენტები" აქვს.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი