საქართველო მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი ამერიკელი ადვოკატი, ჯონ სენდვიჯი მივიდა.
უფლებადამცველი აშშ-დან საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას გაეცნობა, შეხვედრის შემდეგ კი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.
ჯონ სენდვიჯთან ერთად, გლდანის ციხეში იმყოფება ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. მისი თქმით, გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა წნევის რეგულირება. ექიმმა უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რადგან არსებობს რისკები, რომ მას ინსულტი ან გულის შეტევა განუვითარდეს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა შიმშილობს. სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან თქვა, რომ მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუ გლდანის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.