
იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ცენტრი "ემპათია" ეხმაურება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ექსპერტიზის მოთხოვნით, ბრეგაძის უწყებას მათ 2021 წლის 29 ოქტომბერს მიმართეს, ექსპერტთა ჯგუფს ადგილზე [სასჯელაღსრულების დაწესებულებაში] სამედიცინო შემოწმებისა და დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა დღემდე არ ეძლევა.
ვაცხადებთ, რომ ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფს სრული უფლება აქვს ჩაატაროს ადგილზე ექსპერტიზა შემდეგი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი:
მუხლი 21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში.
მუხლი 144. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი
თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა. ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით.
პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი
თავი X. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებები
მუხლი 45
სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით. პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა.
მუხლი 46
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
მუხლი 47
პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შეუძლია ამ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს შეუზღუდოს სამედიცინო მომსახურების გამწევის არჩევის უფლება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
ამავდროულად, ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 ის მიხედვით (არასათანადო მოპყრობა), რაც მოიცავს ეპიზოდს მე – 18 დაწესებულებაში განხორციელებული ძალადობის შესახებ. შესაბამისად, სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრის განცხადებებით, საქართველოს პენიტენციური სისტემა ამჟამად წარმოადგენს მხარეს, - ნათქვამია "ემპათიას" განცხადებაში.
განცხადებაში, რომელსაც ხელს ცენტრის დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი აწერს, წერია, რომ "საქართველოს პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ექიმის პროფესიულ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელია საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ჯანდაცვის სამსახურების პენიტენციურ სამსახურში დაქვემდებარების გამო".
აქვე გაცნობებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ვალდებულება დააკისრა საქართველოს მთავრობას, ჩაეტარებინა პარიტეტულ საფუძვლებზე სამედიცინო ექსპერტიზა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ, იუსტიციის მინისტრს იმოქმედოს კანონის შესაბამისად, რათა არ შეეშალოს ცენტრ „ემპათია“ -ს ხელი ექსპერტიზის ჩატარებაში, ასევე, შექმნას პარიტეტული კომისია ციხის საავადმყოფოს შესაძლებლობების განსაზღვრის მიზნით, - წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: