გადაარჩინე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ! - გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების პეტიცია

გამოქვეყნდა:

გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გერმანიის  პრეზიდენტს, ასევე საქართველოს  პრემიერმინისტრსა და  პრეზიდენტს მიმართავენ. 

სტუდენტები წერენ, რომ მესამე პრეზიდენტისადმი ის არაადამიანური მოპყრობა, რაც საზოგადოებამ გავრცელებულ კადრებში ნახა შემაშფოთებელია.

"ჩვენ, უბრალო სტუდენტებს და საქართველოს მოქალაქეებს, ამ წუთას სამწუხაროდ არ შეგვიძლია რაიმე გადავწყვიტოთ, მაგრამ იმედი გვაქვს, ჩვენი ხმა იმ ადამიანებამდე მიაღწევს, ვისაც დღეს ჩვენზე მეტი შეუძლია.

ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს მომავლის  გზავნილი, რომელიც ერთადერთი და უპირობოა:

  • დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და გაუწიეთ მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება!

მისი ძალადობრივი გადათრევა ერთი ციხიდან მეორეში, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, მისდამი არაადამიანური მოპყრობა, რაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით დასტურდება, არის მკვეთრი უკანსვლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შემაშფოთებელია  ევროპარლამენტარებისთვის ნათქვამი უარი მოინახულონ მოშიმშლე პატიმარი, ასევე ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მოწოდებების მრავალგზის უგულვებელყოფა. ეს ყველაფერი ძალიან გვაშორებს იმ საქართველოსგან, რომელშიც ჩვენ გვინდა ცხოვრება", - წერენ სტუდენტები. 

ისინი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს სთხოვენ გაუზიაროს მისი აზრი და ხედვა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურებს. 

"ბატონო შტაინმაიერ, ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რაც არ წერია ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენსავით ათასობით ადამიანს საქართველოში მიაჩნია, რომ სწორედ მესამე პრეზიდენტის უფლებების დაცვაზე გადის გამყოფი ხაზი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ქვეყნის დასავლურ კურსსა და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას, პასუხისმგებლიან სამოქალაქო და ვერშემდგარ საზოგადოებას შორის.  ამ წუთას, იგივე მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის ათი წევრი შიმშილობს. ერთ-ერთი მათგანი, ელენე ხოშტარია, პარლამენტის შენობაში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს და მისი სიცოცხლეც საფრთხეშია. მთავრობას ქვეყანა კატასტროფული დეჰუმანიზაციისკენ მიჰყავს. ჩვენ არ გვსურს ვუყურებდეთ ადამიანის სიკვდილს საკანში, რომელსაც სახელმწიფო უარს ეუბნება სამედიცინო დახმარებაზე! ყველას, ვინც საქართველოს, ამ პატარა ქვეყანას, მშვიდობას და დემოკრატიულ ღირებულებებს უსურვებს, ვთხოვთ მიმართონ ჩვენს მთავრობას და მოსთხოვონ მას დაიცვას ადამიანის უფლებები!" - წერია მანისფესტში. 

გერმანიაში მცხოვრები სტუდენტები წერენ, რომ პროტესტში მონაწილე ყველა ქართველი სტუდენტის გვერდით არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი