
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე მივიდა.
ადვოკატმა დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან ომბუდსმენის ეგიდით შექმნილ ახალ კომისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნას, რომელსაც დღეს ექსპერტები დადებენ, განსაკუთრებული მტკიცებულებითი მნიშვნელობა ექნება.
"დღევანდელ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, რომ ველოდებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ახალი კომისიის დასკვნას. ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოსთვის და მას ექნება ძალიან კარგი მტკიცებულებითი მნიშვნელობა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ იმ პროფესიონალებმა, რომლებმაც შეაფასეს აქაური გარემო, დიდი ალბათობით, უნდა დაასკვნან და შეიმუშაონ რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა მე-18 დაწესებულებაში შეუძლებელია", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. ომბუდსმენი და ექსპერტები გლდანის ციხეში გუშინვე შევიდნენ. როგორც სახალხო დამცველმა მედიასთან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა, ექსპერტებმა დასვეს ყველა ის კითხვა, რაც ჰქონდათ და შესაბამისი პასუხებიც მიიღეს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციები დღეს მომზადდება.
მესამე პრეზიდენტი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.