
"გვინდა აქტიურად იყვნენ ჩართული გამოძიების ნაწილში და ზოგადად ბათუმთან მიმდინარე საკითხებში" - აჭარაში ოპოზიციის ლიდერები დღეს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდებიან. არჩევნების გაყალბება, "მიტაცებული" ბიუჯეტი, ნუგზარ ფუტკარაძის სეჭვო გარდაცვალება, ეს ის თემებია, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელებენ.
"ვიყებთ შეხვედრებს ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლებთან და ელჩებთან, ასევე შევხვდებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გვინდა დეტალურად ავუხსნათ იმ ყველაფრის შესახებ რაც ხდება ბათუმში და მართლა წარმოუდგენელი ამბები ხდება, იქამდეც კი მივედით, რომ მოსყიდვის, შანტაჟის შედეგად საკრებულოს სრული შემადგენლობა აღარ გვყავს", - თქვა გიორგი კირთაძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც ისმის, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.