კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ჩაშლილ ლიტერატურულ პრემია "ლიტერაზე" ამბობს, რომ ის კეზერაშვილის პრემიაა. ამ თემაზე მან პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატით მოსმენის დროს ისაუბრა და თქვა, რომ სამინისტრო მის ნაცვლად ახალ პრემიას შექმნის.
"ჩვენ გვაქვს, გვქონდა უფრო სწორად ლიტერატურული პრემია სახელად "ლიტერა" მე ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას, მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა, "ლიტერა", სახელმწიფო დონეზე არ იყო საკანონმდებლო არცერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება, ამიტომაც ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს", - თქვა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობისთვის მზადაა რომ ისეთი კონკურსი და პრემია შექმნან, რომელიც "პირუთვნელად" ყველას შეეხება.
წულუკიანის თქმით, მწერლებსა და პოეტებს შორის დისკუსიაში არ ერევა, თუმცა ყველას მოუწოდებს, ითანამშრომლონ სამინისტროსთან.
ცნობისთვის, ლიტერატურული პრემია "ლიტერა" სწორედ თეა წულუკიანისადმი კონკურსანტების პროტესტის გამო ჩაიშალა.