თუ საფუძველი გვექნება, მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნულ წამლებზე

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაზე ადვოკატებს სრული წვდომა არ ჰქონიათ, მათ შორის არც ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. 

მისი განცხადებით, თუ ექნებათ საფუძველი ამის გამო გამოძიების დაწყება მოითხოვონ, ამას აუცილებლად გააკეთებენ და სტრასბურგის სასამართლოშიც გამოიყენებენ. 

"ჩვენ სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა არ გვქონდა, ბევრჯერ მოვითხოვეთ, რამდენჯერმე გვაქვს ამაზე განცხადება დაწერილი, პასუხი ამაზე სამწუხაროდ არ მიგვიღია, ამიტომ სრული წვდომა არ გვქონდა. პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილისა, ბატონი ნიკა ყიფშიძე, პირველი შეხვედრის დღიდან ითხოვს ფსიქიატრის ჩართულობას, ამას მერე დღევანდელი "ქართული ოცნების" სპიკერებმა მიაბეს თითქოს სააკაშვილს ჰქონდა მენტალური პრობლემები, თუმცა არა, სწორედ ფსიქიატრის ჩართულობა იყო საჭირო, რომ მას შეეფასებინა პროფესიონალურად დანიშნული მედიკამენტების საჭიროება.

თუ გვექნება საფუძველი, რომ მივმართოთ სამართალდამცავ უწყებებს და მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, თუ იქნება იქ დარღვევა ადამიანის უფლებების, ცხადია გამოვიყენებთ სტრასბურგში, უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ თუ სამედიცინო მოსაზრება ამას დაადგენს, კონსილიუმის დასკვნები ამას დაადგენენ,  ეს იქნება ძალიან ძლიერი არგუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან დიდი ფასის გადახდის საფუძველი საქართველოს სახელმწიფოსთვის სტრასბურგის სასამართლოში", - თქვა შოთა თუთბერიძემ. 

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა 4 დეკემბერს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო ნეიროლეფსიური პრეპარატებს ასმევენ, მისი თქმით, პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის დაწესებულების, ისე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში

ჯიშკარიანის თქმით, მსგავსი პრეპარატის არაადეკვატურად გამოყენება ფარმაკოლოგიურ წამებად ფასდება და მომხდარზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი