
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს. მას უფლებადამცველები დღესაც მოინახულებენ.
ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის სრული კურსი ჯერ არ ჩატარებია, ამიტომ მისი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საფუძველი არ არსებობს.
"მის მიმართ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს გამყარებული ძალიან დასაბუთებული სამედიცინო მოსაზრებით და ექიმთა დასკვნით, რაც ამ დრომდე არ გვაქვს. შესაბამისად, არავითარი საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სადმე გადაიყვანენ, არ არსებობს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
მან ფარმაკოლოგიურ წამებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ალტერნატიული კომისიის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გაირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაირღვა, ამ საკითხზე სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
"ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებული ინფორმაცია არის უაღრესად საყურადღებო. ველოდებით დასკვნას რომელიც დაიდება და ცხადია, თუ იქნება ერთი მისხალიც კი, იმ ვარაუდის საფუძვლისა, რომ დაირღვა მესამე პრეზიდენტის უფლებები, ბუნებრივია, მივმართავთ ყველა გზას, მათ შორის, სისხლის სამართლის გამოძიების მოთხოვნას დავაყენებთ აუცილებლად", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა 4 დეკემბერს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო ნეიროლეფსიურ პრეპარატებს ასმევენ. პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის დაწესებულების, ისე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მსგავსი პრეპარატის არაადეკვატურად გამოყენება ფარმაკოლოგიურ წამებად ფასდება და მომხდარზე გამოძიება უნდა ჩატარდეს.