"ხმა ამოიღეთ!" "SOS ქართველი სამხედრო ტყვეობაშია" "რუსეთი კლავს, საგარეო - დუმს", "აღდგეს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან" - ამ მოწოდებებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა "სირცხვილია" აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის გასათავისუფლებლად პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
ომის ვეტერანი უკვე მე-7 დღეა, ცხინვალის იზოლატორში, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ის სასტიკად არის ნაცემი.
"ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როცა ტყვეობაში ჰყავთ ყოფილი სამხედრო, რომელსაც ბრძოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული და ძალიან ზუსტად იცოდნენ, რომ უნდა დაეჭირათ, მერე იქ მარიხუანა უნდა ეპოვნათ მისთვის, რომ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ჰქონოდა. ეს მიგვანიშნებს, რომ ეს ადამიანი არის დიდ საფრთხეში", - ამბობს გიგა მაქარაშვილი.
მამუკა ჩხიკვაძე რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გელა გოჭოშვილი გათავისუფლდა. ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.
ამავე თემაზე: