
უკრაინის საკონსულო გერმანიაში დაკავებული ქართველი გენერლისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის დაცვის საქმეში ერთვება. კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, უკრაინელ კონსულებს უკვე აქვთ კომუნიკაცია გერმანელ სამართალდამცავებთან დაკავების მიზეზების გასარკვევად და კალანდაძისთვის საკონსულო დახმარების გასაწევად.
დაკავებულის დასაცავად საქმეში ჩაერთო მისი ადვოკატიც.
ცნობისთვის, გიორგი კალანდაძემ, რომელიც ბერლინის აეროპორტში 19 დეკემბერს დააკავეს, უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით მიიღო. ქართული მხარე მას ელბერტ კობერიძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და წამებაში მონაწილეობას ედავება, რაც 12-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი კალანდაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა.