ივანიშვილი ვერ აიტანს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს - ბექა ბასილაია სახელმწიფო ინსპექტორზე

გამოქვეყნდა:

"უკვე ძალიან აშკარაა, რომ სწრაფი ტემპით მივემართებით ავტორიტარიზმის ჭაობისკენ", - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის მომზადებას, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება იგეგმება. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" ლონდა თოლორაიას უწყებას იმ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნებას არ პატიობს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი.

"ინსპექტორის სამსახურმა და პირველ რიგში ლონდა თოლორაიამ, გამოავლინეს ერთგულება სამართლის უზენაესობის მიმართ და არ დაყვნენ ხელისუფლების უკანონო ნება-სურვილს. სწორედ ამ უწყების გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები არაერთხელ დაირღვა ხელისუფლების მხრიდან და ეს უწყება აწარმოებს გამოძიებას ჯერჯერობით საკმაოდ ეფექტურად. 

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მთლიანად გააუქმოს ეს სამსახური. უკვე ძალიან აშკარაა, რომ სწრაფი ტემპით მივემართებით ავტორიტარიზმის ჭაობისკენ და თუ დროულად არ მოხდება გამოღვიძება, შესაძლებელია, საკმაოდ რთული გახდეს შემობრუნება ან შეუძლებელიც კი", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას თქმით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არის დასტური იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ სახელმწიფოში დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობას ვერ აიტანს. 

"კანონპროექტი რეგისტრირდება არასამაუშაო დროს, საიმისოდ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაიშალოს. ეს არის პასუხი იმაზე, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ვერ აიტანს ვერცერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს", - ამბობს ბექა ბასილაია. 

ამასთან, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პროცესი გაიმართება, ამჯერად ე.წ. პიჯაკების საქმეზე. ბექა ბასილაიას თქმით ანზორ ჩუბინიძემ, რომლის დაკითხვასაც დაცვის მხარე ითხოვდა, სასამართლოს შეატყობინა, რომ ხვალ პროცესზე გამოცხადებას ვერ შეძლებს. 

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა პროცესს მიხეილ სააკაშვილი. გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მედიკოსები მიიღებენ, რომლებიც მესამე პრეზიდენტს დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ. 

გარდა ამისა, ხვალვე შედგება საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტების შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს საუბრის ძირითადი თემა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული შერიგების პროცესი იქნება.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი