მიხეილ სააკაშვილის მიმართვა - საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს

გამოქვეყნდა:

იგორ დოლგოვს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელი განმარტებების კეთება მას შემდეგ მოუწია, რაც დავით ზალკალიანმა უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეს გზავნილები დაუწუნა. მინისტრმა უწყებაში სპეციალურად დაბარებულ ელჩს მიხეილ სააკაშვილის გზავნილებზე ვრცელი განმარტებები მოსთხოვა. უკრაინის ელჩმა ამ შეხვედრის გამო მედიასთან დაბნეულობა ვერ დამალა, თუმცა მინისტრისთვის ამომწურავი პასუხის გაცემა მაინც შეძლო. დავით ზალკალიანი კი დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას სიბრაზეს ვერ მალავდა და უკრაინას კვლავ თითის ქნევით ესაუბრებოდა.

მმართველი პარტიის პანიკა მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვას მოჰყვა. ექვსწუთიან მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის ხელისუფლების შეცდომებზე, რამაც საქართველო გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა, ვრცლად საუბრობს. თუმცა, როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" აჟიოტაჟი მიმართვის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს.

სააკაშვილის მიმართვის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" დრო იხელთა და ახლა სტრატეგიულ პარტნიორთან დიპლომატიური დემარშის მეორე სერია იწყება - უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი მმართველი გუნდის ნაბიჯებს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების დამაზიანებლად აღიქვამს. ვალერი ჩეჩელაშვილი ზალკალიანს ურჩევს პარტნიორთან სტრატეგიულ ურთიერთობებს ვიწროპარტიულ ინტერესებს ნუ გადააყოლებს.

საგარეო უწყება ბიძინა ივანიშვილის პირად სამდივნოდ არის გადაქცეული - ყოფილი ელჩები ოფიციალური თბილისის არადიპლომატიური ნაბიჯების გამო წუხილს ვერ მალავენ. ამბობენ, რომ საგარეო უწყება აქამდე ასეთი პოლიტიზებული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ ახსენდებათ. მაშინ როდესაც საქართველო და უკრაინა ერთი დიდი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან გაერთანებული, ორ ქვეყანას შორის მცირედი გაუგებრობაც კი მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

როგორც ჩანს, დიპლომატიური უთანხმოება სტრატეგიულ პარტნიორთან დასრულებული არ არის. ამ დრომდე თბილისში რჩება საქართველოს ელჩი უკრაინაში, რომელიც სპეციალური საპროტესტო ნოტის წარდგენის შემდეგ, ქართულმა მხარემ საქართველოში კონსულტაციებისთვის გამოიწვია. უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნამ ქართულ პოლიტიკაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. შესაბამისად ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა შესაძლოა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი