უკრაინის და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქცია პარლამენტთან - საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები მხარდაჭერას უცხადებენ მეგობარ ქვეყანას.
პარალელურად, უკრაინის საელჩოში ოპოზიციის ლიდერები ელჩთან მართავენ შეხვედრებს უშუალოდ იგორ დოლგოვთან და უშუალოდ მისგან იღებენ ინფორმაციას, რა ხდება უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაზე.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების მომზადებულ რეზოლუციაში, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, აგრესორი რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები.
რა ხდება უკრაინაში
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.
მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება.
ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, აშშ-მ რუსეთს წერილობითი პასუხი 26 იანვარს გადასცა