შშმ მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ

გამოქვეყნდა:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ.

პროკურატურას მეტროს შიდა კამერების ჩანაწერები ამოღებული აქვს, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, შსს-ს თანამშრომლების მიმართ წარდგენილი ბრალდება წამების მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული პოლიციელები დანაშაულს არ აღიარებენ. ისინი ამბობენ, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს მეტროსადგურში მორიგეობდნენ, თუმცა გავრცელებულ ვიდეო მტკიცებულებებში "თავად არ ფიგურირებენ".

"გარდა იმ კადრებისა, რომლებიც გავრცელდა ტელევიზიების საშუალებით, ასევე არის მეტროს კამერების ჩანაწერები. ასევე, რა თქმა უნდა, პროკურატურის მხრიდან უნდა იქნას გამოთხოვილი ინფორმაცია, ვინ იყო იმ დღეს იმ დროს მორიგე და შესაბამისად, ამ პირთა იდენტიფიცირება არის ძალიან მარტივი. მას შემდეგ, რაც პროკურატურა დამატებით მტკიცებულებებს მოიპოვებს, ჩვენ გავეცნობით სისხლის სამართლის საქმეს და აღმოვაჩენთ, რომ ამ შემთხვევაში მათ მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს წამებას, რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას და მოვითხოვთ ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას", - ამბობს საია-ს იურისტი, ჯანო ჭკადუა.

შშმ მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებული პატრულ-ინსპექტორები სასამართლომ გუშინ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა, თუმცა ამის მიუხედავად, პოლიციელმა მას მაინც სცემა.

ნუგზარ იგივე ნუკრი ბაქრაძეს გამოძიება, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, მის მეწყვილე კახაბერ ბაკაშვილს კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი