საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მუზეუმებში მკვლევრების დაშვების პროცესს კულტურის სამინისტრო გააკონტროლებს. კერძოდ, დირექტორი გადაწყვეტს დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის დაშვება შესაძლებელია თუ არა, ეს გადაწყვეტილება კი სამინისტროს უნდა აცნობონ.
"მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს", - წერია დებულებაში.
გარდა ამისა, გაკონტროლდება თანხების განკარგვის პროცესიც. კერძოდ, მუზეუმის დირექტორი:
"იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების მიერ გრანტის გამცემისადმი (დონორისადმი) მიმართვის, გრანტის თანხის გამოთხოვის/ჩარიცხვის ან გრანტის განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ".
შესაბამისი ცვლილებები დადგენილებაში პირველ თებერვალს შევიდა.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ხელოვნების მუზეუმიდან და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. "რეორგანიზაციის ფარგლებში" სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლები სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.