
საქართველოში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი იგორ ეფრემოვი არ შემოუშვეს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაოგნებულია და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პუტინის რეჟიმის ინტერესებს ატარებს.
"ბოლო დროს რუსეთში განვითარებული მოვლენებისა და ჩემი ოპოზიციური საქმიანობის გამო იძულებული გავხდი გავქცეულიყავი. სამშობლოში გაჩერება ჩემთვის უკვე საფრთხისშემცველი გახდა, რამდენიმე თვე სომხეთში ვიცხოვრე, საქართველოში ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს და მითხრეს, რომ ჩამოვსულიყავი, რადგან აქ პუტინი არ უყვართ. მეც დავთანხმდი და წამოვედი, თუმცა სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეებმა 4-საათიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შევიდოდი, მიზეზი არ ამიხსნეს. [...]
მინდა საქართველოს მთავრობას ვუთხრა, 2008 წელს, როცა დუმამ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვეწინააღმდეგები კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გატარებულ აგრესიულ პოლიტიკას", - თქვა ეფრემოვმა.
მისივე თქმით, "საქართველოს მთავრობა პუტინის რეჟიმს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება" და მისი მეგობრები შეცდნენ, როცა აქ ჩამოსვლა ურჩიეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში არ შემოუშვეს ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი.