
ჩვენი ექიმები დისტანციურად ამბობენ, რომ არსებობს ინსულტის, ან გულსისხლძარღვთა დაავადების რისკები და მიხეილის დღევანდელი მდგომარეობა ამ რისკებს კიდევ უფრო ზრდის - ეს განცხადება რადას დეპუტატმა, დავით არახამიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა.
არახამიამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დართავს ნებას, უკრაინელ ექიმებს მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმონ.
"ჩვენ კომუნიკაციები გვქონდა ჩვენი დიპლომატიური უწყებების საშუალებით და მალე მე თავად ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლასა და მიხეილის მონახულებას. თუ ამის უფლებას მოგვცემენ, იქნებ უკრაინელი ექიმებიც ჩამოვიყვანოთ, რათა არსებობდეს ალტერნატიული მოსაზრებაც. ჩვენი ექიმები დისტანციურად ამბობენ, რომ არსებობს ინსულტის, ან გულსისხლძარღვთა დაავადების რისკები და მიხეილის დღევანდელი მდგომარეობა ამ რისკებს კიდევ უფრო ზრდის, მას ახლა სიმშვიდე სჭირდება, მათ შორის ფსიქოლოგიური სიმშვიდე, რომ სრულად გამოჯანმრთელდეს", - თქვა უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ, 4 თებერვალს, სასამართლო დარბაზიდან გააკეთა განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ექიმებთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არც მისი ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა გამოეტანა განჩინება და დაევალებინა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ექიმების არშეშვების ფაქტის მოკვლევა.
ამავე თემაზე: