
იტალიის პარლამენტში გამართულ კონფერენციასთან დაკავშირებით, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პარტია "Forza Italia"-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს.
ვალენტინო ვალენტინი ამბობს, რომ შეხვედრა პირადად დეპუტატ მატეო დალოსოს ინიციატივა იყო, ოფიციალური რომი კი არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ ხელმძღვანელებს და მათთან კონტაქტებს.
"შევიტყვეთ დეპუტატ დალ’ოსოს მიერ დღეს გამართული კონფერენციის შესახებ, რომლის თემა იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ საქმე ეხებოდა დეპუტატ დალ’ოსოს გამოკვეთილად პირად ინიციატივას, რაც არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტიის “Forza Italia” პოზიციას. ჩვენი ქვეყნის მიერ მუდმივად გატარებულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, და არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად", - ნათქვამია ვალენტინო ვალენტინის განცხადებაში.
საკითხზე განცხადება გაავრცელა დეპუტატთა პალატის პრესცენტრმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონფერენცია არც დეპუტატთა პალატის და არც მისი თავმჯდომარის ეგიდით ჩატარებულა.
"დეპუტატ მატეო დალ’ოსოს ორგანიზებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით, რომლის სათაური იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“, ვაცხადებთ, რომ პარლამენტის სასახლეში ცალკეული დეპუტატის მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია არ იმართება არც დეპუტატთა პალატის და არც მისი თავმჯდომარის ეგიდით და მხარდაჭერით; მსგავს ღონისძიებაზე პასუხისმგებელია თავად დეპუტატი", - აცხადებენ პრესცენტრში.
შეგახსენებთ, იტალიის პარლამენტში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციის თემა ერების თვითგამორკვევაა და მისი მთავარი მომხსენებლები სწორედ იტალიის პარლამენტის დეპუტატები არიან. ირკვევა, რომ თბილისში, ქვეყნის საგარეო უწყებამ ამ კონფერენციის შესახებ მედიისგან შეიტყო.
ამავე თემაზე: