
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს.
"რუსი ჯარისკაცები უკრაინის საზღვართან და ყველა სხვა ნიშანი აჩვენებს, რომ სერიოზული მზადება მიმდინარეობს",- თქვა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონის თქმით, სიტუაცია ძალიან "საშიში" და "რთულია", თუმცა დრო კიდევ არის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა "უკან დაიხიოს". ის რუსეთს "დამღუპველი შეჭრის" ნაცვლად დიალოგისკენ მოუწოდებს.
თეთრ სახლში ეჭვობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, "ნებისმიერ დღეს" შეიჭრას. რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და საელჩოებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა.
12 თებერვალს ბაიდენი-პუტინის სატელეფონო საუბარი გაიმართა, თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ყველანაირი სცენარისთვის მზად არის და უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამერიკა და მისი მოკავშირეები რუსეთს "მძიმე საფასურს" დააკისრებენ.
რა ხდება უკრაინაში?
უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.
მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.