"თქვენთან ერთად არაფრის გვეშინია... ვამაყობ, რომ ძლიერი და ერთიანი უკრაინის პრეზიდენტი ვარ!" | ზელენსკის მიმართვა მოსახლეობას

გამოქვეყნდა:

თქვენთან ერთად ჩვენ არაფრის გვეშინია, ვამაყობ, რომ ძლიერი და ერთიანი უკრაინის პრეზიდენტი ვარ! - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოსახლეობას. მან საზოგადოებას 
ერთიანობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ნებისმიერ საფრთხეს უპასუხოს. 

ძვირფასო უკრაინელებო. თითოეულ თქვენგანს, ვინც უკრაინის ერთიანობას და მომავალს იცავს, გილოცავთ დღევანდელ ერთიანობის დღეს. თქვენთან ერთად ჩვენ არაფრის გვეშინია. მზად ვართ, ნებისმიერ საფრთხეს ვუპასუხოთ! ჩვენ უკან არ დავიხევთ! ჩვენ თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლა გვაერთიანებს.

მნიშვნელობა არ აქვს, რომელი დღე და თვე იქნება, თავს ყოველთვის დავიცავთ. ომი უკვე 8 წელია, გრძელდება. ამ წლების განმავლობაში გავიზარდეთ და განვვითარდით. უკრაინელი ხალხის გარეშე სახელმწიფოებრიობა არ და ვერ შედგებოდა. მადლობა ყველას, ვინც სამშობლოს იცავს. ჩვენ არ ვყვებით პროვოკაციებს, ჩვენ მშვიდობიან და ერთიან უკრაინას ვაშენებთ! ვამაყობ, რომ ძლიერი და ერთიანი უკრაინის პრეზიდენტი ვარ, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

მანამდე კი, ცნობისთვის, 14 თებერვალს გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. მისი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 16 თებერვალს შეიჭრას.

მანამდე, 11 თებერვალს აშშ-მა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, "ნებისმიერ დღეს" შეიჭრას. რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და საელჩოებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა.

რა ხდება უკრაინაში?

უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი