პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში აკრძალავს ახალ ინვესტიციებსა და ვაჭრობას ამერიკის მოქალაქეებისთვის.
განცხადების თანახმად, განკარგულებით სანქციები დაუწესდება პირებს, ვინც აღნიშნულ ტერიტორიაზე საქმის წარმოებას აპირებს. დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინა გამოაქვეყნებენ. თეთრი სახლი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს განკარგულება არ არის იმ მკაცრი ეკონომიკური მექანიზმის ნაწილი, რომელსაც აშშ მის პარტნიორებთან ერთად ამზადებს.
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:
"ვგმობ, რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ეს ძირს უთხრის კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს და არღვევს მინსკის შეთანხმებას. NATO მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებ მოსკოვს, შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატია".
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი:
"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები, ერთიანობითა და უკრაინისადმი მტკიცე სოლიდარობით უპასუხებენ".
ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი:
"ესტონეთი არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის უკანონო აღიარებას, ეს რეგიონები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ნაწილია, ისევე როგორც ყირიმი. ცხადია, მოსკოვი არასერიოზულია დიპლომატიაში, მაგრამ ომის დაწყების მიზეზებს ეძებს".
ევროპარლამენტარი ანდრეი ჰალიცკი:
"სანქციების დროა. აგრესიისთვის სასჯელი უნდა იყოს".
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი:
"ხვალ ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმის საპასუხოდ" - წერს ტრასი.
ნატო-ს ყოფილი გენ. მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი:
"სანქციები ახლავე".
"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ლუკ კოფი:
"პუტინი კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანას ანადგურებს. ჩრდილოეთ ნაკადი ორის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს. რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს", - წერს ლუკ კოფი.
იხილეთ ასევე: