სანქციების ნუსხა ხუმრობა მეგონა...ჩემი აზრით, უნდა გავაუქმოთ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტი - ლუკ კოფი

გამოქვეყნდა:

ჰერითიჯის ფონდის საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ლუკ კოფი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სანქციების ნუსხა "ხუმრობა ეგონა". 

კოფი "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ ეს ზომები არაადეკვატურია და მოლოდინი ჰქონდა , რომ თეთრი სახლი უფრო მკაცრი იქნებოდა. მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტი. 

"სიმართლე გითხრათ და მე ამას არ ვამბობ უპატივცემულობის გამოხატვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სანქციების ნუსხა ხუმრობა მეგონა. ვიფიქრე, რომ სოციალურ ქსელში, ვიღაცის მოგონილ სიას ვკითხულობდი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ნამდვილად აღმოჩნდა ვაშინგტონის მიერ მიღებული ზომები მოსკოვის ქმედებებზე, რაც სრულიად არაადეკვატურია.

სახეზე გვაქვს შემდგარი ფაქტი, რომ რუსეთი ცდილობს სამხედრო ძალის გამოყენებით ევროპის საზღვრების შეცვლას 21-ე საუკუნეში და ამ დროს, ამერიკის პირველი და ამ დრომდე უკანასკნელი პასუხია, რომ ის სანქციებს დაუწესებს იმ ამერიკელებს, რომლებსაც დონეცკსა და ლუგანსკში ბიზნესის კეთება უნდათ?

რა ბედი ეწია იმ უმკაცრეს და მტკივნეულ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, რის შესახებაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გვესაუბრებოდა? ჩემი აზრია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გავაუქმოთ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტი და ვიფიქროთ იმ ახალ გზებზე, რომლებიც ეკონომიკურ და ფინანსურ წნეხს გაზრდის მოსკოვზე. ",- ამბობს ლუკ კოფი.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამერიკა ამბობს, რომ ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთს დაუწესებენ და ამის შესახებ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

იხილე ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი