
"არავის უნდა დაავიწყდეს ეს დღე" - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს "დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ შიშველი აგრესია" უწოდა.
skynews-ის ცნობით, უოლასმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის სუვერენიტეტი დღეს კიდევ ერთხელ დაარღვია.
"საერთაშორისო საზოგადოებების ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა აირჩია კონფლიქტი. კრემლის ცრუ დროშებითა და ყალბი ნარატივებით არავინ მოტყუვდება.
ეს არის შიშველი აგრესია იმ დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც გაბედა, გამოეხატა სხვა მისწრაფება, ვიდრე რუსეთის მეზობლობაა.
არავინ უნდა დაივიწყოს ეს დღე. პუტინი ფიქრობს, რომ მიწის მიტაცება მისი მემკვიდრეობის დაცვაა - კი, ეს ასე იქნება, მაგრამ არა ის მემკვიდრეობა, რაც მას სურს", - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის.
შექმნილი ვითარების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.