"მთავარი არხის" "ტვ პირველის" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შემდეგ წულუკიანმა აჭარის ტელევიზია და "ფორმულაც" ლანძღა.
"ფორმულას" ჟურნალისტს უთხრა, რომ "კეზერაშვილის მედიაში" მუშაობს და "ხელფასს ის ადამიანი უხდის, რომელიც ომის დროს ფულს იღებდა და საკუთარ ანგარიშებზე რიცხავდა".
"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა კი მინისტრის კრიტიკა ამ შეკითხვის გამო დაიმსახურა:
"ბატონი პრემიერი დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში საუბრობდა და აქედან 1 წუთი დაუთმო უკრაინას, დანარჩენი 24 წუთი დაუთმო ენმ-ს განხილვას, მაშინ როდესაც ესეთი რთული სიტუაციაა, მაშინ, როდესაც რუსი ოკუპანტი ცდილობს, რომ ძალისმიერი მეთოდით დაიპყროს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ტერიტორია, ამ დროს როდესაც უნდა ვიყოთ ერთიანები, დიახ, უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, გვესმის ის, რასაც საზოგადოების 90% არ ეთანხმება".
"ბატონო სიმონ, თქვენ მე მგონი მაუწყებლობთ გაუკუღმართებული ფორმით და არ ვარგა ეს. იმიტომ, რომ რას მეკითხება არ ვიცი, საზოგადოებას ესმის, ბატონმა სიმონმა რა მკითხა, ბატონი სიმონი მეკითხება ამ პრემიერმინისტრმა 25 წუთი რომ ილაპარაკაო და მხოლოდ 1 წუთი ილაპარაკა უკრაინაზეო და 24 წუთი ილაპარაკა საქართველოზეო, ესო მისაღებიაო?! დიახ სიმონ, მისაღებია", - თქვა წულუკიანმა.
მისივე მტკიცებით, ღარიბაშვილმა 24 წუთი "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის განხილვას კი არა, მათი "ზედაპირულობის ანალიზს" დაუთმო. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ საქართველო მძიმე დღეშია, რადგან ევროპაში ომია და თუ ამას ვერ ხედავს, "ძალიან დასანანია".
წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თითქმის ყველა გალანძღა:
ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანელ მთავრობის სხომა უკრაინასთან დაკავშირებით მისი წინა განცხადების გამართლებასა და "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას დაუთმო. მან ყოფილი პრეზიდენტი ისევ დამამცირებლად მოიხსენია და თქვა, რომ დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყოს ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში. ღარიბაშვილის აზრითვე, სანქციები ეფექტური არაა და დღეს რომ კიევი იბომბება, ამის შეჩერება არავის შეუძლია. პრემიერი ამტკიცებს, რომ ყველაფერს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად, რაც შეუძლიათ და რომ "რადიკალურ და მარგინალურ" ოპოზიციას, ომი უხარია.