ბელარუსის მედიის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ, "მხარეები კონსულტაციაზე დედაქალაქებში მიდიან".
ინფორმაცია უკრაინული მედიის ტელეგრამ-არხებში გამოცემა Belta-ზე დაყრდნობით ვრცელდება და ნათქვამია რომ ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა. მისი თქმით, მოლაპარაკებების მიზანი ცეცხლის შეწყვეტა იყო.
„მხარეებმა პრიორიტეტული თემები გამოავლინეს, ასევე, გარკვეული გადაწყვეტილებები დასახეს. ამ გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, მხარეები კონსულტაციებზე დედაქალაქებში გაემგზავრნენ, - ამბობს პოდოლიაკი.
მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის წარმომადგებელმა ვლადიმერ მედინსკიმ კი თქვა, რომ ნაპოვნია პუნქტები, რომლებზეც საერთო პოზიციის პოვნა შესაძლებელია. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მხარეების მორიგი შეხვედრა გაიმართება.