სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყეს. უწყების ცნობით, "ინციდენტის"სრულყოფილად შესასწავლად შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლებენ.
გარდა ამისა, პენიტენციური აცხადებს, რომ ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.
"ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნული ფაქტის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით.
ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე, მათთან ვიზიტად მყოფი პირების უფლებები", - წერია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ადვოკატ შოთა თუთბერიძეს რუსთავის მე-12 ციხის დატოვების დროს ერთ-ერთი თანამშრომელი თავს დაესხა. მან ჯერ მესამე პრეზიდენტს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ადვოკატს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. არსებობს მომხდარის აუდიოჩანაწერიც.